English / ქართული / русский /
ქეთევან კიწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციების როლი ეკონომიკაში

ანოტაცია. XXI საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი საქმიანობის სფერო – განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, – ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალა ადამიანის მსოფლმხედველობა. ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. რაც უფრო მეტად დაიწყო ტექნიკამ განვითარება და უფრო მეტი რამ გამოიგონა ადამიანმა, მით უფრო მეტად გართულდა მისი ცხოვრება და მით უფრო ნაკლები დრო აქვს მას. ერთი შეხედვით თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებენ ადამიანის საქმიანობას და ზოგავენ მის დროს. მაგრამ დღეს ადამიანი იმდენად არის მიჩვეული ეკრანთან მონოტონურ მუშაობას, რომ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება და ამის შესაძლებლობა მიეცემა, ის ავტომატურად ახალ საქმეს წამოიწყებს. გარდა ამისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს და ამიტომ ისიც დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს. დღეს გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცოდნის სწრაფი გავრცელების გამო ფირმები იძულებული არიან მეტად დანერგონ ინოვაციები და გააფართოვონ ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ეს შეიძლება განხორციელდეს ან კვლევა-განვითარებით, ან გარეგანი ტექნოლოგიური ცოდნა/გამოც¬დილების წვდომით.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური პროცესი. ტექნოლოგიური პროცესი, ხელოვნური ინტელექტი, ინფორმაციული ტექნოლოგია, სოციალური ქსელი, ციფრული ტექნოლოგია. 

შესავალიტექნოლოგია არის საწარმოო პროცესის, მათი განხორციელების ინსტრუქციების აღწერა, ტექნოლოგიური ნორმები, გრაფიკები, რუკები. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ტექნოლოგია არის საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიიღწევა დასახული მიზანი და ამის შემდეგ საქმიანობის ობიექტი იცვლება. სხვათა მოსაზრებით კი  ეს არის რთული პროცესის დანაწევრების გზით რეალიზების ხერხი, რომლის დროსაც ცალკეული ელემენტები გაერთიანებულია ურთიერთდაკავშირებული პროცედურებისა და ოპერაციების სისტემაში. სოციალური პროცესების ორგანიზების საშუალებებისა და ხერხების შესახებ არსებული ცოდნის ერთობლიობით ან თვით   ქმედებებით მიიღწევა დასახული მიზანი. 

ძირითადი ტექსტი.ტექნოლოგიური პროგრესი არის პრიორიტეტი ყველა ქვეყნისთვის, რომლებსაც უნდათ ეკონომიკური განვითარება. კონკურენტუნარიანობასთან, მწარმოებლუ­რობასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებული ინოვაცია მიჩნეულია საციცოცხლო ძალად ეკონომიკური ზრდისთვის (Romer, 1986). 1. ეს ძალა დამოკიდებულია იმ ცოდნის შექმნის, დაგროვებისა და გავრცელება/დანერგვის პროცესთან და ლოკალიზებულია ინოვაციური ფირმების კლასტერებში (ჯგუფებში), რომლებიც ზოგჯერ  მჭიდროდ თანამშრომლობენ საჯარო ინსტიტუტებთან (კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები).[1]  დღეს გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცოდნის სწრაფი გავრცელების გამო ფირმები იძულებული არიან, მეტად დანერგონ ინოვაციები და გააფართოვონ ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ეს შეიძლება განხორციელდეს ან კვლევა-განვითარებით, ან გარეგანი ტექნოლოგიური ცოდნა/გამოცდილების წვდომით. საერთო შეთანხმებებმა ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებასა და ტრანსფერს იმ საწარმოებს შორის, რომლებიც ცნობილია როგორც მნიშვნელოვანი (კვაზი-საბაზრო) მექანიზმი ასეთი გარეგანი ცოდნის მისაღებად (Schilling, 2008); 2. ადგილობრივ დონეზე ზრდა დამოკიდებულია იმ ტექნოლოგიურ აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს ადგილობრივად და გარეგანი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებაზე აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვით (Martin and Ottaviano, 2001, Grossman and Helpman, 1994, Coe and Helpman, 1995).[2] დღევანდელი ინოვაციური პროცესები საკმაოდ რთულია და მათი მართვა მოითხოვს ინოვაციების განვითარების კანონზომიერებების ცოდნას. ინოვაციების მართვა ზოგადი მენეჯმენტის სპეციალისტს არ შეუძლია. ამისათვის საჭიროა ინოვაციების მენეჯერების მომზადება, მათ უნდა ჰქონდეთ საინჟინ­რო-ეკონომიკური ცოდნა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ფსიქოლოგიური პოტენციალი. ამ ხალხმა  უნდა შექმნან ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა, მხარში დაუდგენ და  მართონ ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების დანერგვის პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, დაეფუძნება ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს. საქართველოს ეკონომიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია ტრადიციული ეკონომიკის გადასვლა ახალ, ანუ „ინოვაციურ  ეკონომიკაზე“. მას „მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკასაც“ უწოდებენ. ეს პროცესი მთელ მსოფლიოში მიმდინარებს. ეკონომიკაში  მიმდინარე ინოვაციურმა  პროცესებმა დიდი ხანია სპეციალისტების ყურად­ღება მიიპყრო და ინოვაცია მენეჯმენტის  ობიექტად აქცია. მათი სასარგებლო თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ინოვაციური პროცესების მეშვეობით არა მხოლოდ ბაზარზე წარმოდგენილი მოთხოვნის ხელსაყრელი და რაციონალური დაკმაყოფილება ხერხდება, არამედ თვით მოთხოვნის ფორმირებაზე აქტიური ზემოქმედებაც. მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ ინოვაციები არის წინააღმდეგობების გადაჭრისა და კრიზისების დაძლევის მეტად მძლავრი ბერკეტი. ამიტომ არის, რომ თანამედროვე პირობებში საწარმოს ინოვაციური აქტიურობა კონკურენციულ ბრძოლაში მისი გადარჩენის მთავარ ფაქტორად ითვლება.

იმისათვის, რომ დავინახოთ ეკონომიკურ ზრდაში ტექნოლოგიების მნიშვნელობა, უბრა­ლოდ უნდა მიმოვიხედოთ ირგლივ. ცხოვრების დონის ზრდა ისეა შებურვილი ტექნოლოგიური პროგრესით, რომ ხშირად ეს ორი განურჩეველია ერთმანეთისაგან. თანამედროვე გამოგონებებმა შეცვალა საქონლის წარმოების მეთოდები, რომლებიც მუშაკებს საშუალებას აძლევს აწარმოონ განუზომლად მეტი, ვიდრე ამას  წინანდელი თაობა  ახერხებდა. როდესაც მწარმოებლურობა უმჯობესდება, წარმოების ფაქტორების იმავე რაოდენობით შესაძლებელია მთლიანობაში მეტი პროდუქციის გამოშვება. მწარმოებლურობის გაუმჯობესების ბუნებრივი ახსნა გაუმჯობესებული ტექნოლოგიაა, მაგალითად, ახალი საწარმოო პროცესის გამოგონება. ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოითხოვს ინვესტიციებს. კაპიტალის შექმნის ანალოგიურად, აქაც ვინმემ უნდა გამოყოს რესურსები, რომლებიც მოხმარდება შექმნას, სრულყოფას და მწარმოებლური იდეის პრაქტიკულ განხორციელებას. ტექნოლოგიებში ამ ინვესტიციების ბრუნვა მნიშნელოვნად განსხვავდება ადგილებისა და დროის მიხედვით. თანამედროვე ეკონომიკა უზარმაზარ რესურსებს მიმართავს კვლევებსა და განვითარებაში (R&D), სისტემატურად ეწევა ძალისხმევას ახალი პროდუქტების ან პროცესის შესაქმნელად.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ასევე მოგვცა საშუალება მოვიხმაროთ ახალი საქონელი და მომსახურება. ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის მასშტაბების თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი გვაძლევს ბიძგს ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის. ტექნოლოგიური პროცესი ხორციელდება ინოვაციების მეშვეობით. ასეთი იყო სამრეწველო რევოლუცია, სტანდარტიზაცია, მექანიზაცია, კონვეიერული ხაზები. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა უწყვეტი, მოქნილი საწარმოო ტექნოლოგიის სრულყოფა, რამაც მწარმოებლურობის ამაღლება გამოიწვია. ამას თან სდევს ადამიანის როლისა და ფუნქციების შეცვლა წარმოების პროცესში და, საბოლოოდ, ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობათა ზრდა.

ადა­მი­ა­ნის საქმიანობის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი მაღალ ტექნოლოგიებს უკავია. განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მათი გამოყენება ეკონომიკაში. მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს ცვლის როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. ის ქვეყანაში კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ზრდის კვალობაზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში. მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე წარმოების ორგანიზაციის სრულყოფის, საქონლისა და მომსახურების ახალ სახეობათა შექმნის შედეგად, მცირდება ტრანზაქციური და ტრანსფორმაციული დანახარჯები; იზრდება რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობები; იცვლება წარმოების ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის ადგილი და როლი როგორც წარმოებაში, ისე ყოფა-ცხოვრებაში. თუ გადავავლებთ თვალს კაცობრიობის ისტორიას, საზოგადოების პროგრესი და  მისი გადასვლა ახალ თვისებრიობაში ყოველთვის დაკავშირებული იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან. ბუნებრივია, გარკვეული დროის შემდეგ მაღალი ტექნოლოგიები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას და ადგილს უთმობენ სულ უფრო და უფრო ახალ ტექნოლოგიებს. მაგალითად, თანამედროვე ეტაპზე უმაღლესი ტექნოლოგიების დარგებიდან გამოირჩევა ელექტრონიკა. სწორედ მისმა განვითარებამ გახადა შესაძლებელი, შექმნილიყო გამოთვლითი ტექნიკა, საინფორმაციო-გამზომი სისტემები, ინტეგრალური სქემები, კონდენსატორები, რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი, რობოტები და ა.შ. აშკარაა, რომ მათი გამოყენების გარეშე ვერ იარსებებდა ეკონომიკის ვერცერთი დარგი და ადამიანთა საქმიანობის ვერცერთი სფერო. ეს კი, წარმოუდგენელს ხდის ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების, გადაცემისა და გამოყენების თანამედროვე დონეს. 
       აღსანიშნავია აგრეთვე ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი განაპირობებს ეკონომიკაში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს. მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტი. ის გულისხმობს  მანქანების შექმნას, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის ადამიანის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მსჯელობა, აღქმა, მოძრაობა და სხვა. დღეისათვის საუბარი შეგვიძლია არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ „მოაზროვნე“ მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადამიანის ტვინის მსგავსი მოწყობილობები. „მოაზროვნე“ მანქანების საკითხთან დაკავშირებით მრავალ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაიწყება „მოაზროვნე ტექნოსფეროს ეპოქა“. ტექნოსფერო წარმოადგენს ტერმინს თანამედროვე ცივილიზაციის აღსაწერად, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიისა და მეცნიერული მეთოდების ფართო გამოყენებით სინამდვილის გარდასაქმნელად. იგი შექმნილია ადამიანების მიერ და მასში მთავარ როლს ასრულებს ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები. მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკე აღებული მოაზროვნე მანქანა, რადგანაც მოაზროვნე ტექნოსფერო წარმოადგენს ასეთი მანქანების მოწესრიგებულ ერთობლიობას.   ამრიგად, მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ვინაიდან იგი იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტის განვითარებასა და სრულყოფას.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობისა და უახლესი ტექნოლოგიების ტრანს­ფერისა და დანერგვის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება. კერძო სექტორის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მთავრობა ხელს შეუწყობს კვლევასა და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს როგორც გამოყენებითი კვლევების განხორციელების ხელშეწყობას მათი სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობის ზრდის, ასევე სხვა ინსტრუმენტების შემუშავების მეშვეობით. მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ინოვაციის მამოძრავებლები არიან.

კვლევების და განვითარების კომერციალიზაციის მიზნით, ხელი შეეწყობა კერძო სექტორს და განათლების სისტემას შორის კავშირების გაღრმავებას გამოყენებითი კვლევისა და განვითარების როგორც ხარისხის, ასევე პრაქტიკაში დანერგვის (კომერციალიზაციის) ეფექტიანობის ასამაღლებლად.

ინოვაციის მხარდაჭერისთვის მთავრობა ხელს შეუწყობს შესაბამისი ინფრასტ­რუ­ქტურის (ტექნოპარკები, ინკუბატორები) განვითარებას და სათანადო კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მომზადებას. ამასთან მოხდება კვლევის და განვითარებისთვის აუცილებელი დამხმარე ინფრასტრუქტურის სრულყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებების და კვლევითი ლაბორატორიებისთვის. ინოვაციების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის გაუმჯობესებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის, ასევე მოსახლეობისთვის. ამისთვის მთავრობა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო ინფრა­სტრუქტურის გაუმჯობესებას. ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვი­თარებისთვის საქართველოს მთავრობა წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელიც მიმართული იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაზე, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე. 

დასკვნა.ტექნოლოგიებში გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ იმავე რესურსებით შესაძლებელია პროდუქციის უფრო მეტი რაოდენობის წარმოება. ამგვარად, ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. აღვნიშნეთ ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოითხოვს რესურსების დაბანდებას. სწორედ მაღალი დონის ტექნოლოგიები აიძულებს ეკონომიკას გადავიდეს ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში. ტექნოლოგიების მზარდი დონე იწვევს ეკონომიკის სისტემის თითოეული ელემენტის განვითარებასა და სრულყოფას. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექნოლოგიები წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების უმძლავრეს მექანიზმს, რომლის საშუალებით ადამიანს შეუძლია განუწყვეტლივ გაიუმჯობესოს ცხოვრება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ქ. კიწმარიშვილი. ინოვაციური მენეჯმენტი. 2016 წ.
  2. Инновационный менеджмент, под ред. С. Ильенковой, М., 2014.
  3. Иновационный менеджмент, под ед. В. Горфинкеля, М., 2007.
  4. http: //www.russba.ru/
  5. https://data.oecd.org/rd/gross-domestic-spending-on-r-d.htm
  6. https://www.coindesk.com/price/bitcoin
  7. https://ka.wikipedia.org/wiki


[1] Romer P. M. (1986) Increasing Returns and Long-run Growth, Journal of Political Economy, 94, 1002-37.

[2] Schilling, M.A.(2008) Understanding the alliance data, Strategic Management Journal 30(3), 233-260.